logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: აღარც "სიღარიბეში თანასწორობა"...

26 ივლ 202321:19
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/26/tfbborutuu5zstl.jpg

ოცნების გარიჟრაჟზე, ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას ივანიშვილის მიერ გამოთქმული მოსაზრებით, თურმე, ერთ-ერთი ყველაზე დიდი უბედურება საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, საზღვრების გახსნა ყოფილა. ადამიანებმა დასავლური კეთილდღეობის სტანდარტი ნახეს, გაიაზრეს, თუ როგორ ცუდად ცხოვრობდნენ თავად, რის გამოც, მათში უბედურების განცდამ იმატა.

მილიარდერს საკუთარი ბავშვობაც მოჰყავს მაგალითად: როგორი ბედნიერი და კმაყოფილი იყო ფეხშიშველი და უქონელი, როდესაც მის სოფელში სხვებიც მასავით გაჭირვებაში ცხოვრობდნენ. "თანასწორობა სიღარიბეში!" - უბედურების განცდის მატების ასეთ ახსნას ბევრი კრიტიკული მხარე შეიძლება მოუნახო, თუმცა თანასწორობის განცდა არსებულით დაკმაყოფილების და მასთან შემგუებლობის მართლაც ერთ-ერთი მთავარი ფსიქოლოგიური წინაპირობაა.

ივანიშვილის ერთპიროვნული, მრავალწლიანი მმართველობის საქართველოში, ბოლო სტატისტიკური მონაცემებით მილიონ ორასი ათასზე მეტი ადამიანი, მათ შორის 340 ათასზე მეტი ბავშვი სიღარიბეში ცხოვრობს და სახელმწიფო დახმარებას ან იღებს, ან შემწეობის მიღების რიგში დგას.

გასული 10 წლის განმავლობაში საარსებო დახმარების მიმღებთა საერთო რაოდენობა, თითქმის, 63%-ით, შემწეობის მიმღები ბავშვების რიცხვი კი 147%-ით გაიზარდა. ბენეფიციართა თითქმის ნახევარი 5 წელია, სისტემაში უცვლელადაა, რაც ყველა დანარჩენ მაჩვენებელთან ერთად იმაზე მიუთითებს, რომ ხელისუფლების ამოცანა არა ხალხის სიღარიბიდან ამოყვანა, არამედ ადამიანებისა და ოჯახების "მართვად სიღარიბეში" შენარჩუნებაა. 

აშკარაა, რომ მილიარდერის მიერ წლების წინ გაცხადებული თეორია, რომლის მიხედვითაც ის "თანასწორ სიღარიბეში" ცხოვრებით ადამიანებს გაცილებით დიდი უბედურებისგან იცავს, სინამდვილეში კი  განვითარებისა და წარმატების პერსპექტივას უსპობს და უფრო მორჩილსა და ხელისუფლებაზე დამოკიდებულს ხდის, ქვეყნის მართვის ცინიკური, მაგრამ ქმედითი ტექნოლოგია და შეიძლება ითქვას, ფილოსოფიაა. ივანიშვილისავე პირველადი ვერსიისგან განსხვავებით ბედნიერება-უბედურების განმსაზღვრელ ფაქტორებში "ყველას თანაბარი სიღარიბის" ფაქტორი სადღაც გაქრა, ერთ მუჭა დაუმსახურებლად გამდიდრებულთა და გაღატაკებულ მასას შორის უფსკრული რეკორდულად გაღრმავდა და მხოლოდ მასებისავე მართვის პოლიტტექნოლოგიურ ინოვაციამდე დავიდა.

ფაქტია, რომ დღეს ქვეყნის მოსახლეობის მესამედზე მეტი სახელმწიფო დახმარების შემყურეა და მათი ცხოვრება მინიმალური სოციალური მოთხოვნების დაკმაყოფილებაზეა დასული. ასეთი ოჯახებისა და ადამიანების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. კიდევ 1/3, სახელმწიფო სექტორშია დასაქმებული და პირდაპირ ბიუჯეტზეა მიბმული. კერძო სექტორში დასაქმებულთა სტატისტიკის კლების ფონზე დინამიკა აქაც მზარდია, რაც არის კიდეც ქვეყნის საზოგადოებრივი ქსოვილის იმგვარად ინჟინერიის მცდელობა, რომ მილიარდერმა ძალაუფლება შეინარჩუნოს გაჭირვებული და ხელისუფლების დახმარების შემყურე ადამიანების ხარჯზე, რომლებიც მზად არიან, შეეგუონ ამ რეალობას, შიშით უყურონ სტატუს კვოს ნებისმიერ ცვლილებას, ოღონდ სოციალური შემწეობა არ შეუწყდეთ, ან შეუმცირდეთ.

სიღარიბე და სიღატაკე, რომელიც არსებული მავნებლური ეკონომიკური და სოციალური სისტემიდან ამოვარდნის შიშზეა დამყნობილი, იქცა ამ ხალხის დამყოლ მასად გარდაქმნისა და მათი იოლად მართვის ეფექტურ მექანიზმად.

ისინი ვინც, თვალს არ იბრმავებენ და ხედავენ, რომ ქვეყნის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი და საქართველოში შემოსული ფული, მმართველი უმცირესობის ზედა საფეხურებში მყოფთა კალათებს არ ცდება, დანარჩენ მოსახლეობას კი ცხოვრებას კიდევ უფრო მეტად უძვირებს, ხედავენ, რომ სოციალური ჭაობიდან ამოსვლის პერსპექტივა წართმეული აქვთ.

ვინც საკუთარ თავში ჯერ კიდევ ხედავს რესურსს, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში ამ ხაფანგის მსხვერპლად არ დარჩეს და ხელისუფლების მიერ გადმოგდებულ სოციალურ შემწეობას არ ელოდოს, გამოსავლად ქვეყნიდან გაქცევას მიიჩნევს, რასაც ასევე მაქსიმალურად ახალისებს ოცნების მთავრობა. ასეთები ხომ რეჟიმისთვის საშიშები არიან, ამბიცია აქვთ, არსებულით არ კმაყოფილდებიან, უკეთესის ძიებაში მზად არიან, გარისკონ...

გასული 2 წლის განმავლობაში ქვეყანა 100 ათასზე მეტმა ადამიანებმა დატოვა. მექსიკიდან ამერიკაში გადამსვლელებს თავი რომ დავანებოთ, წელს, შენგენის ზონის ბევრ ქვეყანაში, საქართველოდან მიგრანტების რიცხვი გაორმაგებულია. ბოლო მონაცემებით, ირლანდიის რესპუბლიკაში საქართველო  თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობით პირველ ადგილზეა და  უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა 225 მილიონიანი ნიგერია, ავღანეთი, სირია, სომალი, ზიმბაბვე და კონგო. მეტიც, საქართველოდან მიგრანტების რიცხვი ომში მყოფ უკრაინაზე 8-ჯერ მეტია.

საქართველოს გაღარიბებისა და სოციალურ ორმოსთან შეუგუებელი, ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ადამიანებისგან დაცლის პოლიტიკა ოცნების მხრიდან პოლიტტექონოლოგიურად გათვლილი, ცივსისხლიანი აქტია და მათ ხელისუფლებაში განუსაზღვრელი ვადით დარჩენას ემსახურება.

ივანიშვილმა მისთვის, სინამდვილეში, საძულველი სიღარიბე, მისივე ქვეყნის მართვის იარაღად აქცია. პოლიტიკური ჭაობის სტატუს კვოს მთავარ "მოკავშირედ" მის მიერვე კიდევ უფრო მეტად გაღატაკებული ხალხი გაიხადა. ამაზე ცინიკური და დაუნდობელი თვით პოლიტიკაშიც კი ცოტა რამაა. ამ მოჯადოებული წრის გარღვევა და ამავე ადამიანების დახსნა კი, არამარტო პოლიტიკური - დიდი ჰუმანური და პატრიოტული მიზანი და ამოცანაა ქვეყანაში, სადაც მმართველი ხალხს კეთილდღეობაში თანასწორობას ჰპირდებოდა და სიღარიბეში თანასწორობაც კი ვერ მოუტანა...


close დახურვა